logo
ENG



"ჯერ გამიჭირდება საუბარი, დეტალურ შეფასებას გავაკეთებ შემდგომ" - იოსელიანი კარვების კანონზე

02 ოქტ 202312:16
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს დეტალურად შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონპროექტში მკაცრ რეგულაციებზე, რომელსაც ოცნება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგენს.

იოსელიანის თქმით, კანონპროექტის გაცნობის შემდეგ გააკეთებს "დეტალურ შეფასებას".

"ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, ჩემთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ამიტომ გამიჭირდება ჯერ დეტალურად საუბარი კანონპროექტზე, რომელიც დღეს დარეგისტრირდება და ალბათ, დღესვე გვექნება საშუალება ეს კანონპროექტი ვნახოთ, გავეცნოთ და უფრო დეტალური შეფასება ამისი გავაკეთოთ შემდგომ. თუმცა, არცერთი ცვლილება, რომელიც დაკავშირებული იყო აქამდე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან ან შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და გარწმუნებთ, რომ არც ეს დარჩება", - განაცხადა იოსელიანმა.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ქართული ოცნება დღეს საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში მკაცრი რეგულაციები შედის.

ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.

კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი - 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში "ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ".

 


close დახურვა